Saturday, February 21, 2015

მეოთხე დღე - საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. განვიხილეთ 21 საუკუნის ტექნოლოგიებითა და ეროვნულ სასწავლო გეგმის სტანდარტებისა და ინდიკატორების შესაბამისად დაგეგმილი პროექტები, რომელთა განხილვამაც თვალნათლივ მაჩვენა რამდენად მნიშვნელოვანია პროექტით სწავლება თანამედროვე სკოლაში.
ყველაზე მთავარი, რასაც დღეს გავეცანით, დროში გაწერილი შეფასების ხუთი მიზანია, რომელიც დაგვეხმარება პროექტის სწავლებისას მოსწავლეების საჭიროებების დადგენასა და ამ საჭიროებების მიხედვით აქტივობებისა და ინსტრუმენტების სწორად შერჩევაში.
მოსწავლის ყველა აქტივობის მონიტორინგი და სწორად შერჩეული შეფასების რუბრიკები სასურველ უკუკავშირს მოგვცემს. იმედია სწორად გავიგე შეფასების ყველა მიზნის მნიშვნელობა და შევძლებ მათ მიზანმიმართულად გამოყენებას.

Sunday, February 15, 2015

მესამე დღე. 
  მეტად დატვირთული და შინაარსიანი დღე გვქონდა. ვფიქრობ, დღეს პროექტის დაგეგმვის, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დასმის ძირითადი უნარ-ჩვევები შევიძინეთ. უკვე წარმოვიდგინე რა არის სასწავლო პროცესში პროექტით სწავლების გამოყენების დადებითი მხარე. მოსწავლეები შექმნიან ნაშრომებს( ესე, ლექსი, ნახატი, სლაიდი, ვიდეო, თვითნაკეთი ნივთები და სხვ.), რომელთა მომზადების პროცესში განივითარებენ შემოქმედებით, პრაქტიკულ, ორგანიზაციულ უნარ-ჩვევებს.
           ის რასაც გულით გააკეთებენ დაამახსოვრდებათ კიდეც. ვფიქრობ, მოტივაცია და ინტერესი მნიშვნელოვანი ფაქტორია პროექტით სწავლებისას.

Saturday, February 14, 2015

საკმაოდ დატვირთული დღე გვქონდა...  ძალიან საინტერესო სამუშაოს გავეცანით. მთავარია მოსწავლეებისათვის საინტერესო, მხიარული და სახალისო გავხადოთ სასწავლო პროცესი.
უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის ყველაზე რთული და დასაფიქრებელია მოსწავლის როლში ყოფნა. გაითავისო მათი სურვილები, მისწრაფებები, ზოგჯერ ანცობაც კი და ისე შესთავაზო ბავშვებს მათი დონის შესაბამისი აქტივობები. ვფიქრობ, მსგავსი პროექტების გამოყენება უსათუოდ დაგვეხმარება სასწავლო პროცესის სწორად დაგეგმვასა და წარმართვაში.
ძალიან მომეწონა ბუკლეტების შექმნა. ვფიქრობ შევძლებ ამ ახალი დავალების შესრულებას... არ დაგიმალავთ, გვანცას პრიზის მიღების ამბიციაც მაქვს!

Wednesday, February 11, 2015

            ჩემი პროფესია უწყვეტ პროფესიულ ზრდას საჭიროებს. ყოველ დღეს სიახლე მოაქვს! ყოველი გაკვეთილი განსხვავებული და ორიგინალური უნდა იყოს!
პროექტით სწავლება მნიშველოვანია ამ ინოვაციებით დატვირთულ სასკოლო ცხოვრებაში. თუმცა მომავლის ტექნიკური მიღწევების ვირტუალურმა სამყარომ, რომელიც მოტივირების მიზნით შემოგვთავაზეს,  გამაოცა და მიმიზიდა. 
                ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ადვილია რის გაკეთებასაც ჩვენგან მოითხოვენ! ვხედავ,უამრავი რთული სამუშაო გველოდება წინ...
              წარმატებებს ვუსურვებ საკუთარ თავსა და ჩემს ძვირფას კოლეგებს!